თუ საიტს ქართულად ვერ ხედავთ, გადმოტვირთეთ ფონტი
English

 

 

 

ნარკოტიკების შესახებ

ნარკოტიკული ეწოდება ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს და იწვევს დამოკიდებულებას. დამოკიდებულებაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ იგულისხმება ორი ტიპის დამოკიდებულება - ფიზიკური და ფსიქოლოგიური.

ფიზიკური დამოკიდებულება - ვითარდება გარკვეული დროის განმავლობაში პიროვნების მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისას, ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება ძირითადად ოპიოიდებს ახასიათებთ - ნარკოტიკული ნივთიერების რეგულარული მიღების უეცარი შეწყვეტის შემდგომ ვითარდება ე.წ. აღკვეთის მდგომარეობა, აბსტინენცია, რომელიც ხასიათდება ძლიერი ფიზიკური ტკივილებით( სახსრების მტვრევით), ოფლიანობით, დიარეით, დისფორიით, აგზნებით, ნარკოტიკების მიღების გადაულახავი ლტოლვით, დეპრესიული განცდებით. ნარკოტიკის მცირე დოზით მიწოდებისასაც კი ეს მდგომარეობა გადაივლის ხოლმე. თუმცა ფიზიკური აბსტინენციის მდგომარეობაში ჩვენ ფსიქიკური გამოვლინებეს ვხვდებით ( დისფორია, დეპრესია, ლტოლვა ნარკოტიკისადმი), ისინი უფრო მეტად თავის ტვინის ფიზიოლოგიურ ცვლილებებთან არიან დაკავშირებული, ვიდრე ფსიქიკის ცვლილებებზე. აღკვეთის მდგომარეობა შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მეტ-ნალკლებად რეგულარული მოხმარების შედეგად, იგი დამოკიდებულია როგორც ინდივიდზე ისე ნარკოტიკული ნივთიერების რაობაზე (მაგ, ჰეროინის მოხმარებისას უფრო ადვილად და სწრაფად ყალიბდება ფიზიკური დამოკიდებულება, ვიდრე ოპიუმის მოხმარებისას.) აღკვეთის მდგომარეობის სამკურნალოდ გამოიყენება დეტოქსიკაცია. მიუხედავად ძლიერი სომატური გამოხატულებისა, ფიზიკური აბსტინებცია, როგორც წესი 2-3 კვირაში, და სათანადო მკურნალობისას უფრო ადრეც, ამოიწურება ხოლმე.

მაგრამ დეტოქსიკაციით საქმე არ მთავრდება - მას მერე, რაც ფიზიკური აბსტინენცია ამოიწურება, კიდევ უფრო მძლავრად გამოაშკარავდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება: მაშინაც კი, როცა ადამიანმა უკვე ჩაიტარა მკურნალობის კურსი და მის სხეულს აღარ სჭირდება ნარკოტიკი, იგი ნარკოტიკისადმი დაუძლეველ ლტოლვაში გამოიხატება. ფსიქიკური კომპონენტი რომ არა, ნარკომანია ვერასდროს ვერ გადაიქცეოდა იმ საშიშ სოციალურ სენად, რომელიც ასე გვაშფოთებს.

ამ ორმაგი დამოკიდებულების გამო ნარკოტიკზე დამოკიდებულება ( წამალდამოკიდებულება, ნარკომანია) მძიმე ფსიქო-ფიზიკერ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და ავადმყოფს ძალიან იშვიათად, მთელი ფსიქიკური და ფიზიკური ენერგიის ხანგრძლივი დაძაბვით შეუძლია დამოუკიდებლად დაანებოს თავი ნარკოტიკულ ნივთიერებას. არასასიამოვნო ფაქტია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკზე დამოკიდებულ პირთა დიდი რაოდენობა ოცნებობს თავი დააღწიოს ამ დაავადებას, მკურნალობს სპეციალიზირებულ კლინიკებში, იკრებს მთელ თავის ნებისყოფას, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აიძულებს მას ისევ მიიღოს ნარკოტიკი, რის მერე ციკლი იწყება თავიდან.

ნარკოტიკზე დამოკიდებული პირის ახლობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველაზე ძლიერი და არასასიამოვნო ნარკოტიკზე დამოკიდებულებაში ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა, რომელიც ფიზიკურზე ადრე ჩნდება, ზოგჯერ ნარკოტიკის ერთჯერადი მოხმარებისას და გვიან სუსტდება იმ დონემდე, რომ პიროვნებას შეუძლია მას ადვილად მოერიოს. ეს ხდება თავშეკავებიდან 2-3 წლის თავზე.

ბევრ წამალდამოკიდებულს ჰგონია, რომ საკმარისია თავი დაანებოს და მერე ფსიქიკური დამოკიდებულება აღარ შეაწუხებს.

ეს თავის მოტყუებაა!

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჩნდება იმის გამო, რომ ადამიანს პირველ ხანებში სიამოვნებს ნარკოტიკის მიღება, ნარკოტიკული ნივთიერებები მოქმედებენ სიამოვნების ცენტრზე, ხოლო ადამიანის ფსიქიკა სიამოვნების პრინციპით მოქმედებს და არა ინტელექტით. არსებობს ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც არ იწვევენ ფიზიკურ დამოკიდებულებას, მაგრამ ფსიქიკური დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად ყველას ახასიათებს. ასე რომ, ნურავის ეგონება, რომ დეტოქსიკაცია საკმარისია ნარკოტიკებიდან თავის დასაღწევად.

გარდა ამისა სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება იწვევს სხვადასხვა თანდართულ დაავადებებს, რომელიც ადამიანს არ გაუჩნდებოდა, ნარკოტიკი რომ არა. ასეთებია სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლა, ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიური ცვლილებები და რაც მთავარია, თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რომელიც უკუგანვითარებას იშვიათად ემორჩილება.